X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში გეგმავს

18 ივნისი 2020

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლის მშენებლობაც, რომელიც 2021 წლის სასწავლო წლისათვის დასრულდება. სკოლები შენდება თანამედროვე სტანდარტებით. სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვის მიზნით, სკოლაში იქნება  ლაბორატორია,  ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით. სკოლებში მოეწყობა   ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, სასადილო და ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლების ტერიტორიაზე დაგეგმილია სარეკრეაციო სივრცის  მოწყობა.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია 2019 წლიდან. დაახლოებით 220 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. კახეთში ამ ეტაპზე 7 ახალი სკოლა შენდება. ერთ-ერთი გახლავთ სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა. დანგრეული სკოლის გამო ბავშვებს უწევდათ მეზობელ სოფლებში სიარული, ახალი სკოლის მშენებლობით კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ სოფელში მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანია, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს დაგეგმილი 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. წლის ბოლომდე კი 4170 ბავშვზე გათვლილი სკოლების მშენებლობა იქნება დასრულებული. ბუნებრივია, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა გურჯაანის ინოვაციების ცენტრის მშენებლობაც დაათვალიერეს. 

განათლების მინისტრმა ისაუბრა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. „მსგავსი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა გურჯაანში მიმდინარე ზაფხულს დასრულდება. ცენტრის ორსართულიან შენობაში განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და სამუშაო სივრცეები. ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის მოეწყობა ღია ტერასა. ცენტრის ტერიტორია კეთილმოეწყობა და შემოიღობება. მას ექნება საკუთარი პარკირების სივრცე. ინოვაციების ცენტრი შენდება თანამედროვე სტანდარტებით და ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 2,4 ლარით აფინანსებს.

რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის  სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  გურიასა და კახეთში 14 სკოლის რეაბილიტაციაზე  ტენდერი გამოაცხადა.  გურიის რეგიონში 9, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლა რეაბილიტირდება.